SALiS ლაბორატორიის გახსნა
2012 წლის 1 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის პრეზენტაცია და ღია კარის დღე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ბუნებისმეტყველების, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის პედაგოგებისთვის. პრეზენტაციას უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამების ხელმძღვანელი მარიკა კაპანაძე.
პრეზენტაციის პირველ ნაწილში ქალბატონმა მარიკამ წარმოადგინა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამები, ხოლო მეორე ნაწილი კი დაეთმო უშუალოდ ლაბორატორიაში პრაქტიკულ სამუშაოებს. წარმოდგენილ იქნა ის ძირითადი პრიორიტეტები, რასაც ეფუძნება მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამის ხუთი მოდული. ნაჩვენები იქნა რამდენიმე ექსპერიმენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამივე საგნის მიმართულებით. მან ასევე მოკლედ ისაუბრა იმ პროექტის შესახებ, რომლის ბაზაზეც შეიქმნა აღნიშნული ლაბორატორია. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო იყო TEMPUS – ის პროექტ SALiS-ის კოორდინატორი, პროექტში გაერთიანებულ 10 უნივერსიტეტს შორის. პროექტი განხორციელდა ევროპელი (ირლანდია, გერმანია, ბულგარეთი) და სხვა პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, ისრაელი) უნივერსიტეტების თანამშრომლობის საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში შეიქმნა თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვილი SALiS ლაბორატორია, რომელშიც ტარდება სალექციო კურსები უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალობის სტუდენტებისთვის. ლაბორატორია მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მიმართულებითაც.