მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის ტრეინინგები, 2013 – 2014 წელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით 2010 წლიდან დაიწყო პროექტის „სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში“ (SALiS) განხორციელება საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში. პროექტი დაფინანსდა TEMPUS-ის გრანტის ფარგლებში. მისი მიზანი იყო, ხელი შეუწყოს ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებას, ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კვლევაზე დაფუძნებულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, როგორც თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომების ერთ–ერთ საფუძველს ბუნებისმეტყველების სწავლებაში კოგნიტიური უნარების ზედა დონეების დაძლევისთვის, საბუნებისმეტყველო კონცეფციების უკეთ შეცნობისა და ბუნებისმეტყველების არსის გაგების მიზნით.
როგორც ცნობილია, მასწავლებელი არის განათლების სფეროში მიმდინარე ყველა ინოვაციის ცენტრში. პროექტი მიზნად ისახავდა ბუნებისმეტყველების სწავლების სიახლეების დანერგვას სწორედ მასწავლებელთა ტრენინგების საშუალებით. ამ მიზნის მისაღწევად 2012 წელს შეიქმნა და აკრედიტაცია გაიარა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების პროფესიული მომზადების შემდეგმა სატრენინგო მოდულებმა:
– აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში მე-7 კლასი, ინტეგრირებული კურსი (2 კრედიტი)
– აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში, დაწყებითი საფეხური (2 კრედიტი)
– აქტიური სწავლება ფიზიკაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2 კრედიტი)
– აქტიური სწავლება ქიმიაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2 კრედიტი)
– აქტიური სწავლება ბიოლოგიაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2 კრედიტი)